კითხვა-პასუხი - უნდა ამჟღავნებდეს თუ არა ქრისტიანი თავის რწმენას? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
უნდა ამჟღავნებდეს თუ არა ქრისტიანი თავის რწმენას?
მართლმადიდებლობა
ვინ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი? - მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ის, ვინც ცხოვრობს ქრისტეს მცნებებით, რეგულარულად მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში, ცხოვრობს მართლმადიდებლური თემის ცხოვრებით და, რა თქმა უნდა, განუწყვეტლივ ლოცულობს. მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე გარეგანი გამოვლინებები, რომლებიც უნდა წარმოაჩინოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა? თუ უმჯობესია მისი დამალვა და სხვათა საჩვენებლად საკუთარი რწმენის დემონსტრირებისგან თავშეკავება? მოდი, მოკლედ მაინც გავერკვეთ ამ საკითხში.
 
ამრიგად, პირველ რიგში ქრისტიანის გარეგან ქცევას სრულიად უნდა განსაზღვრავდეს მისი შინაგანი განწყობა. უფალი კრძალავს ორ უკიდურესობას: მაჩვენებლობით ღვთისმოსაობას და სულმოკლეობას.
 
მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში მაცხოვარმა თქვა: "შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად" (მათე 6:5).
 
მაჩვენებლობა ამპარტავნებისგან და მედიდურობისგან იბადება. ადამიანი არა მარტო თავს იწონებს თავისი მოჩვენებითი სიმართლით, არამედ განიკითხავს და ამცირებს სხვებსაც. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფარისევლობა მხოლოდ ასეთ განცხადებულ ფორმებში ვლინდება. ხშირად ეს მდგომარეობა ფაქიზად ვუალირებულიც არის. მაგრამ ფარისევლობის ნებისმიერი ხარისხის დროს უმთავრეს ნიშანს მაინც არაგულწრფელობა და არაბუნებრივობა წარმოადგენს. ამგვარ მდგომარეობაში გახევებული ადამიანი, ადრე თუ გვიან, განიდრიკება რწმენისგან.
 
მაგრამ, არის სხვა უკიდურესოებაც. ადამიანს თუ სურს საკუთარი რწმენის დამალვა, რადგან ქრისტიანად თავის გამჟღავნების რცხვენია, ის ქრისტეს მოწაფე ვერ იქნება.
 
ასეთ ადამიანს შეუძლებელია ჰქნდეს მომავალი ცათა სასუფევლის დამკვიდრების იმედი ჰქონდეს. "რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით" (მარკოზი 8:38). სულმოკლეობა შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო დევნულებათა პერიოდში, არამედ მშვიდ დროებაშიც.
 
ასე მაგალითად, ზოგიერთს ერცხვინება პირჯვრის საჯაროდ გადაწერა, მაშინაც კი, როდესაც ტაძართან იმყოფება. ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისგან უკანდახევით, ადამიანი ვერ ხვდება, რომ უარს ამბობს საკუთარი უმაღლეს ღირსებაზე. "მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა" (ლუკა 16:10).
 
ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ საკუთარი სარწმუნოების დასადასტურებლად და, თუ საჭიროება მოითხოვს, საკუთარი სიცოცხლეც კი დავთმოთ მისთვის. ეს ყველაზე მოკლე გზაა ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად, რომელიც ადამიანს მრავალწლიანი ღვაწლისგან ათავისუფლებს. მაგრამ ამგვარ გზას ადამიანი თვითნებურად არ უნდა ეძებდეს. ამას მხოლოდ უფალი უბოძებს მას, თუ ეს საჭიროა.
 
ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ცხოვრების მრავალფეროვნების პირობებში გონიერებით უნდა ხელმძღვანელობდეს. წმ. ანტონი დიდი სწორედ განსჯის უნარს მიიჩნევდა ქრისტიანის უმთავრეს სათნოებად. მართალია, ზოგადი ფორმულები არ არსებობს, მაგრამ მაინც გვაქვს გარკვეული წესები, რომლითაც რეგულირდება ურთიერთობა გარე სამყაროსთან.
 
მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტიანი, თავისი ყოველი ქმედების წინ, უნდა ხელმძღვანელობდეს განსჯით: ხომ არ ეწინააღმდეგება მისი ჩანაფიქრი ღმრთის ნებას, ხომ არ იქნება ესა თუ ის საქციელი მისი სულისთვის დამღუპველი, ხომ არ იქნება ის საწყენი მოყვასისთვის. არაფერი უნდა ვაკეთოთ ისეთი, რამაც შეიძლება აცთუნოს მოყვასი ან გული ატკინოს მას.
 
ქრისტიანს ყველაფრისადმი თანაბრად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ერთმა ათონელმა ბერმა თქვა: "ადამიანებთან კეთილი მოპყრობით, ხელიდან ნუ გაუშვებთ ღმრთის გულის მოგების უდიდეს შანსს".
 
"ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12:2).
 
დაგლოცოთ უფალმა!

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". დიდი მარხვა. 28 მარტი. 2021 წ.
Назад к содержимому